მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა

ტექსტი: ნინო ჩიმაკაძე 

 

მანქანით მგზავრობისას ალბათ ერთხელ მაინც გაგჩენიათ რომელიმე უტოპიური, ფუტურისტული იდეა თქვენი ტრანსპორტის უსასრულო შესაძლებლობებზე. მაგალითად, გიფიქრიათ, თუ როგორ იცვლის ის ფორმას და დრეკადობის წყალობით წარმოუდგენელ ადგილებში აღწევს; როგორ გადააფრინდება კილომეტრიან საცობს ან რომელიმე მთის მწვერვალს; ან სულაც, მგზავრობის შემდეგ როგორ კეცავთ და ინახავთ მას ოთახში. ეს ერთი შეხედვით ინფანტილური ფანტაზიები ზოგჯერ ისეთ საინტერესო შეგრძნებებს გვგვრის, შესაძლოა თერაპიული ეფექტიც კი ჰქონდეს. განსაკუთრებით დღეს, ჰოლოგრამების, 3D-სა და VR-ის ეპოქაში, სადაც თითქმის ყველაფრის ვიზუალიზაცია შეიძლება და ზღვარი რეალობასა და ჰიპერრეალობას შორის სულ უფრო იშლება.

შოტლანდიელი ციფრული არტისტი, კრის ლაბროი თავისი ნამუშევრებით სწორედ ასეთ შეგრძნებებს ეთამაშება და კომპიუტერული გრაფიკისა და 3D ტექნოლოგიის გამოყენებით ჩვენს ყველაზე უჩვეულო ფანტაზიებს ასხამს ხორცს. ყოველდღიური მოხმარების ნივთებზე ვიზუალური მანიპულაციებით ის მათ ახალ სკულპტურულ და ტიპოგრაფიულ ფორმებად გარდაქმნის და ჩვენთვის ნაცნობი რეალობის და სიმბოლოების სრულიად ახლებურ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. 

ლაბროის გამორჩეული ინტერესის სფერო მანქანებია, რაზეც ნამუშევრების არაერთი სერია აქვს შექმნილი. მის სკუპლტურებად და ინსტალაციებად ქცეულ მანქანებს უცნაური, დეფორმირებული ფორმები აქვთ და ისეთ ადგილსა და გარემოში გვხდებიან, სადაც მას ყველაზე ნაკლებად ველოდებით. მაგალითად, მწვანე პორშე, რომელიც კედელზეა მიყუდებული, პალმის ხეზეა ჩამოკიდებული ბადეში გახვეული ვარდისფერი მანქანები, აუზში დაპარკინგებული მანქანები და აშ. მის ერთ-ერთ ადრინდელ სერიაში „ავტო აერობიკა“ სრულიად შეცვლილია ფორმები და სტრუქტურა და ერთმანეთში გადახლართული მანქანები ისეთ ფიგურებს ქმნიან, მართლაც აერობიკის  ილეთები გეგონებათ.

კრის ლაბროის მანქანებისადმი ინტერესი ჯერ კიდევ ბავშვობაში გაუჩნდა. მას შემდეგ, რაც სათამაშოები საფუძვლიანად შეისწავლა, ავტორბოლებისა და ვიდეოთამაშების ყურებაზე გადავიდა. მათი შთაგონებით მანქანების ხატვაც დაიწყო, რაც მალე მის ყველაზე დიდ გატაცებად იქცა. საბოლოოდ, სწორედ ამან უბიძგა კარიერა დიზაინისა და ხელოვნებისთვის დაეკავშირებინა. სკოლის შემდეგ კრისმა  ლონდონის Royal College of Art in London-ში განაგრძო სწავლა, ავეჯისა და პროდუქტის დიზაინს მიმართულებით. აქ მან 3D ტექნოლოგიისა და კომპიუტერული გრაფიკის (CGI-ის) საფუძვლები შეისწავლა. თავიდან ინტერიერის დიზაინის მიმართულებით ფიქრობდა კარიერის გაგრძელებას. თუმცა, საკუთარი თავის ძიების პროცესში გააანალიზა, რომ იმიჯიც ისეთივე მნიშვნელოვანი  ობიექტია, როგორც რეალური საგანი. „ადამიანების უმეტესობას ძვირადღირებულ, იშვიათ პროდუქტებზე წვდომა მხოლოდ იმიჯის საშაულებით აქვს, რომელსაც ინტერნეტში, წიგნებსა და ჟურნალებში ნახულობენ. სწორედ ამან გადამწყვეტინა, აქტიურად დამეწყო იმიჯებზე მუშაობა ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებით.“- ამბობს ლაბროი. CGI-ს კი იმ დროს უკვე სრული პოტენციალი ჰქონდა, რომ დამოუკიდებელი შემოქმედებითი მედიუმი გამხდარიყო. ამიტომ, ბევრი აღარ უფიქრია. თან, ამ შემთხვევაში პროდუქტის შესაქმნელად გაცილებით ნაკლები თანხა დასჭირდებოდა და არც კომპრომისებზე მოუწევდა წასვლა, რაც რეალური, ძვირადღირებული პროდუქტის შექმნისას, გუნდური მუშაობის პრინციპიდან და სპონსორის საჭიროებიდან გამომდინარე, გარდაუვალი იქნებოდა. 

არტისტისთვის შთაგონების ერთ-ერთი წყარო არქიტექტურაა. განსაკუთრებით ტადაო ანდოს და ზაჰა ჰადიდის ნამუშევრები მოსწონს, რაც, გარკვეულწილად მის ნამუშევრებშიც იგრძნობა: ანდოს იაპონური მინიმალიზმი საინტერესოდ ერწყმის ჰადიდის ფუტურიზმს და დინამიკას და 3D ხელოვნების საშუალებით სრულიად ახალ კონცეფციად ტრანსფორმირდება.

ლაბროის განსაკუთრებული პოპულარობა 2014 წელს შექმნილმა სერიამ „ავტო ელასატიურობის ამბები“ მოუტანა. ინსპირაცია კალიფორნიის უსასრულო ტრასები  და მანქანით მოგზაურობა იყო. ესაა მანიპულაცია ფერად პიკაპებზე, რომლებიც  მიტოვებულ, უკაცრიელ ადგილებში უცნაურ ფორმებში არიან გადაზრდილები და უჩვეულოდ, მაგრამ სიმეტრიულად იკვეთებიან ერთმანეთთან.

მანქანების პარალელურად მისი თვალთახედვის არეში სხვა სამომხმარებლო ნივთებიც მოექცა. საკვები პროდუქტები, სამზარეულოს ატრიბუტიკა და ინტერიერის აქსესუარები, სპორტული ფეხსაცმელი, ჩანთები - ეს ყველაფერი ექსპერიმენტისთვის ასევე საინტერესო მასალა გამოდგა. მსგავს ნივთებს ლაბროი ხშირად ტიპოგრაფიული ნიშნებით აფორმებს, რაც მისი ხელწერის კიდევ ერთი მახასიათებელია.

ძალიან მალე მან სხვადასხვა ცნობილი ბრენდებისგან მიიღო შემოთავაზება, მათ შორის ისეთი გიგანტებისგან, როგორებიც არიან: Apple, Porche, Nike, McDonald’s, Jaguar, Citroen, Louis Vuitton რაც ინდივიდუალური პროექტების პარალელურად ფინანსური შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდა.

კრის ლაბროი კლასიკური მაგალითია თანამედროვე ციფრული ეპოქის არტისტისა, რომელსაც წარმატება და პოპულარობა არა გალერეებში გამოფენამ და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობამ, არამედ სოციალურმა მედიამ მოუტანა, განსაკუთრებით კი Instagram-მა და Behance-მა. ინტერნეტმა რადიკალურად შეცვალა ჩვენი აზროვნება, სურვილები და მოხმარების კულტურა, რაც ცხადია, შემოქმედებით სფეროზეც აისახა. პროდუქტი, რომელსაც დღეს არტისტები ქმნიან, სულ რაღაც 20-25 წლის წინ შესაძლოა დაუჯერებლად  მოგვჩვენებოდა და მისი ღირებულება საერთოდ ვერ აღგვექვა. ლაბროი ამ ტრანსფორმაციაში შესაძლებლობებსაც ხედავს და გამოწვევებსაც:
 „არის საფრთხე, რომ სოციალურმა მედიამ, განსაკუთრებით კი ინსტარგამმა ისე დაატყვევოს ჩვენი ცნობიერება, რომ ნამუშევრების შექმნა იმის მიხედვით დაიწყო, თუ რა მოეწონება ხალხს და არა საკუთარი სურვილის კარნახით. ჩემთვის მნიშვნელოვანია, თანმიმდევრული ვიყო ჩემს თავთან და არ დავიკარგო უამრავ შემთხვევით გაჩენილ იდეაში.“
 

სიტროენის, პორშეს, იაგუარის და სხვა მანქანების ინსპირაციით შექმნილი სერიების შემდეგ 2017 წელს ლაბროიმ კიდევ ერთხელ მიიპყრო ფართო აუდიტორიის ყურადღება ინტერნეტ სივრცეში. ამჯერად ანიმაციით,  სადაც Volkswagen-ის ბრენდის Beetle-ი და Golf-ი გამოიყენა. „Cut and Shut“ ასე ჰქვია 1 წუთიან ვიდეოს, რომელიც ასევე  თავდაყირა აყენებს მანქანასთან დაკავშირებული ტრადიციული აღქმებს: ერთ კადრში ავეჯით სავსე ოთახში მანქანა ხალიჩაზე ხოჭოსავით დაცოცავს, მეორეში ელასტიური ხდება და კედელზე ამოჭრილი პატარა ხვრელში გადის და გამოდის. აქვეა მოცეკვავე მანქანებიც, რომლებიც წამის მეათედში ჯერ შუაზე იჭრებიან, შემდეგ კი ისევ ერთიანდებიან და ისევ ძველებურ ფორმას უბრუნდებიან. ეს კადრები, ისევე როგორც მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი უცნაური კომფორტის განცდას გიქმნის, თითქოს ყველაზე უცნაური და დაუჯერებელი ფანტაზიის რეალიზებას ახდენ და ფორმების და კონცეპტების რღვევით უჩვეულო ესთეტიურ სიამოვნებას განიცდი.

 

სულ ახლახანს ლაბროიმ კიდევ ერთი ანიმაცია გამოუშვა, სახელწოდებით „მომავალი აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო“. ეს სათაური ალბათ ყველაზე კარგად გამოხატავს მისი ნამუშევრების და ზოგადად, თანამედროვე ციფრული რეალობის არსს. ფილმში ვხედავთ, როგორც ხტება წყალში თეთრი პორშე, რომელსაც ბორბლების ადგილზე გასაბერი აუზის ძირი და ზემოდან ფლამინგოს თავი აქვს; როგორ დახტის კავშირგაბმულობის ხაზებზე დაახლოებით ასევე მორთული ყვითელი პორშე, როგორ მოსრიალებს კიბის სახელურზე ვერცხლისფერი მერსედესი და ა.შ. 

 

სიურრეალიზმი, დეკონსტრუქცია, აბსურდი, ფუტურიზმი- კრის ლაბროის ნამუშევრების დათვალიერებისას მე-20 საუკუნის ხელოვნების თუ ფილოსოფიის არაერთი მიმდინარეობა გაგახსენდებათ. მან თითქოს ყველაფერს ერთად მოუყარა თავი და ჩვენს ყოველდღიურობაში ქაოტურად მიმოფანტა. ყველა სიმბოლო და ნიშანი მორღვეულია, არაფერს არ აქვს მყარი და უცვლელი დანიშნულება თუ მნიშვნელობა, უსულო არსება სულიერის თვისებებს იძენს, სულიერი კი სკულპტურად ან ტიპოგრაფიულ ფიგურადაა ქცეული. არც მომავალი და არც აწმყო ისეთი აღარაა, როგორსაც ველოდით. როგორ ერთი ცნობილი გამოთქმა გვეუბნება, Nothing is true, everything is permitted („არაფერია ნამდვილი, ყველაფერი ნებადართულია“).