ალდაგი - ავტომანქანისა და ქონების დაზღვევა - ALDAGI - ძველი უბნის სახლები „იტალიური ვილა“ - ქიქოძის #11
მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა

გერონტი ქიქოძის 11 ნომერში მდებარე საუკუნის წინანდელი შენობა ძველ თბილისში ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობაა, რომელიც შთამბეჭდავი ექსტერიერით მუდმივად იქცევს გამვლელების ყურადღებას. მოდერნიზმის ეპოქაში აშენებული ეს სახლი რენესანსის პერიოდის არქიტექტურის ნიშნებსაც მრავლად ატარებს, რის გამოც ქალაქის მოსახლეობამ მას თავიდანვე იტალიური ვილა შეარქვა.  თაღოვანი, მონუმენტური ფასადი, მაღალი ჭერი, მასიური კარ-ფანჯრები და ლამაზი აივნები შენობას ქალაქის ერთ-ერთ უნიკალურ და სახასიათო არიქტექტურულ ძეგლად აქცევს. 

„იტალიური ვილა“ 1917 წელს ბიზნესმენი ძმების, მილოვების დაკვეთით აშენდა. შენობის პროექტის ავტორი თბილისში მცხოვრები ცნობილი რუსი არქიტექტორი, გაბრიელ ტერ-მიქელოვია, რომლის შექმნილია ასევე სასტუმრო „მაჟესტიკი“ (დღევანდელი „თბილისი მერიოტი) და რკინიგზელთა კულტურის სახლი (დღვანდელი ეროვნული მუსიკალური ცენტრი).

1921 წლიდან, კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ სახლის მაცხოვრებლებიც შეიცვალნენ. მილოვებს შენობის დათმობა მოუხდათ და ის პარტიულმა ელიტამ დაიკავა. ამ შენობაში ცხოვრობდნენ კომუნისტური პარტიის ლიდერები,  ფილიპე მახარაძე და მამია ორახელაშვილი. მოგვიანებით ასევე ორახელაშვილის სიძე, ცნობილი დირიჟორი, ევგენი მიქელაძე. 

დღეს ამ შენობაში სულ ორი ოჯახი შემორჩა, რომლთა წინაპრებიც აქ გასული საუკუნის  20-იანი წლებიდან ცხოვრობდნენ. ერთ-ერთ მათგანი 64 წლის არჩილ ამირანაშვილია. ის ფილიპე მახარაძის შვილთაშვილია და ამ სახლში მცხოვრები მეოთხე თაობის წარმომადგენელია. სახლი მას და მის ძმას ეკუთვნის, თუმცა ამჟამად აქ მხოლოდ ის და მეუღლე ცხოვრობენ. 
 

არჩილი მოქანდაკეა. წლების განმავლობაში სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა.  მუშაობა არც მერე შეუწყვეტია - მისაღები ოთახი სავსეა მის მიერ შექმნილი ბრინჯაოს სკუპლტურებით.

ნამუშევრები ჰარმონიულად ერწყმის თითქმის 5 მეტრი სიმაღლის, თეთრ ფერში გადაწყვეტილ ოთახს და საუკუნოვან ინვენტარს და სახლის კლასიცისტურ ესთეტიკასაც კარგად ესადაგება. აქვე დგას ფილიპე მახარაძის საწერი მაგიდა და ძველი წიგნებით სავსე თარო და კარადა. არქივის და ინვენტარის ნაწილი ოჯახმა მუზეუმს გადასცა, თუმცა ავთენტრური გარემოს შესაქმნელად სახლში საკმარისადაა შემორჩენილი ძველი ნივთები. მათ შორის, ძველი სარკეები და ჭაღად გადაკეთებული, საუკუნეზე მეტი ხნის ჭრაქი.

„თითქმის არაფერია შეცვლილი, შპალერის გარდა. ჭაღები, კარ-ფანჯრები, ინვენტარის დიდი ნაწილი ძველია.“- ამბობს არჩილ ამირანაშვილი.
აქაურობის ისტორია და ძველი ამბები ძირითადად ბებიისგან იცის. პირველი მოგონება, რაც ფილიპე მახარაძის ქალიშვილს ბავშვობიდან გამოჰყოლია, სადარბაზოს კიბეებია: 

„ბებია იხსენებდა, რომ როცა აქ მოიყვანეს, სადარბაზოში და კიბეებზე  დაჭრილი მარმარილოს ფილები ეწყო. კიბეები დღემდე ხისაა, როგორ ჩანს, მის შეცვლას გეგმავდნენ, მაგრამ არ დასცალდათ. შემოვიდნენ კომუნისტები და ატყდა დავიდარაბა“. 
ბებიის მონათხრობიდან შენობის პირველ მაცხოვრებლებზე ინფორმაციაც შემორჩა:

„სახლის აშენების შემდეგ მილოვებმა მხოლოდ მესამე სართული დაიტოვეს თავისთვის, თუმცა აქ არასდროს უცხოვრიათ. დანარჩენი მალევე გაყიდეს. ეს სართული, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, გენერალ ტამამშევს მიუყიდია, რომელიც სამხედრო იურისტი იყო. ქვედა სართული კი ინგლისურ კლუბს ეკუთვნოდა. ჩვენს ზემოთ, 1920 წელს რაღაც პერიოდი კიროვი ცხოვრობდა, რომელიც რუსეთის ელჩი იყო მენშევიკურ მთავრობაში.“
 

30-იანი წლებიდან ეს შენობა არაერთ ტრაგიკულ ამბავთან არის დაკავშირებული. 1937 წლის რეპრესიებისას სახლიდან ოპერაში რეპეტიციაზე წასული ევგენი მიქელაძე თეატრშივე აიყვანეს და ხალხის მტრად შერაცხულს, დახვრეტა მიუსაჯეს.

37 წელს დახვრიტეს მისი სიმამრიც, პირველი თაობის ბოლშევიკი, მამია ორახელაშვილი. მას კონტრრევოლუციურ საქმიანობაში დასდეს ბრალი. როგორც ამბობენ, სინამდვილეში ორახელაშვილზე და მიქელაძეზე შური ბერიამ იძია, რომელსაც წლების წინ ევგენის მეუღლე, ქეთუსია მოსწონებია და მას უარი უთქვამს. თავად ქეთუსია ამ ამბების დროს ყაზახეთში გაუშვეს გადასახლებაში.

„თითქმის მთელი ოჯახი გაწყვიტეს. „მონანიება“ რომ არის ფილმი, მაგათი შვილის ისტორია უდევს საფუძვლად“- გვეუბნება არჩილ ამირანაშვილი.
 

კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნობა არც ფილიპე მახარაძის ოჯახისთვის გახმდარა ალიბი. მის ქალიშვილებს 1937 წელს მეუღლეები დაუხვრიტეს. 1941 წელს ავადმყოფობის შედეგად ფილიპე მახარაძეც გარდაიცვალა. ომის პერიოდში ამ სახლში ფილიპეს მეუღლე და ორი დაქვრივებული ქალიშვილი ცხოვრობდა. უფროსი შვილი, არჩილი რამდენიმე წლის წასული იყო იტალიაში და იქ ფიატის ქარხანაში მუშაობდა. კრიზისის გამო იმ პერიოდში ოჯახს ინვენტარის ნაწილის გაყიდვა მოუხდა:

„საჭმელი არ იყო, სასმელი არ იყო. ძალიან უჭირდათ. თავი რომ ერჩინათ, სხვა გზა არ ჰქონდათ“ . მეორედ ნივთების გაყიდვა 90-იანებში მოუწიათ, ისევ რთული ეკონომიკური სიტუაციის გამო.
 

„ერთი პერიოდი, 90-იანების ბოლოს მთელი შენობის გაყიდვაზე იყო საუბარი, საფრანგეთის საელჩოს უნდოდა შესყიდვა, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ფასები არ იყო მისაღები ფრანგებისთვის და გადაიფიქრეს.  მოგვიანებით, მეც ვფქირობდი, ხომ არ გამეყიდა და სხვაგან მეყიდა. ვითომ ვეძებდი ბინებს, ბევრი სახლი ვნახე, მაგრამ გული არსად მიმივიდა. სიმართლე გითხრათ, მიხარია, რომ ყველა მცდელობაზე სახლი გაყიდვას გადაურჩა. მიყვარს აქაურობა და სხვაგან ალბათ ვერც ვიცხოვრებდი. ქუჩაში რომ გადავიხედავ, ყველა ნაცნობია. ადრე მეტრომდე მისვლას ნახევარ საათს ვანდომებდი, იმდენი ნაცნობი მხვდებოდა ხოლმე.“  

ავტორი: ნინო ჩიმაკაძე