როცა ლიდერობას საზღვრები არ აქვს
როდესაც კომპანიაში ქალებისა და მამაკაცების შემადგენლობა თანაბრადაა გადანაწილებული, შეიძლება ჩანდეს, რომ გენდერული ბალანსი დაცულია, მაგრამ დღეს უკვე ვიცით, რომ გენდერული კუთხით, მთავარი პრობლემა მმართველ პოზიციებზე ქალების არასაკმარისი წარმომადგენლობაა. გლობალურად, ქალები აღმასრულებელი ხელმძღვანელების დაახლოებით 5%-ს შეადგენენ და ქალების მხოლოდ 9%-მდე ფლობს ლიდერ პოზიციებს Fortune 500 კომპანიებში. ამ სტატისტიკის გათვალისწინებით, ის ფაქტი, რომ ქართულ კომპანიაში თერთმეტი დირექტორის პოზიცია შვიდ ქალს უჭირავს, ერთგვარი პრივილეგიაა, რომლითაც ეს კომპანია ამაყობს. „ალდაგი“ პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც 32-წლიანი ისტორიის განმავლობაში, მუდმივად ეძებს სიახლეს, ითვალისწინებს თანამედროვე მოთხოვნებს და ნერგავს ინოვაციებს.
„ალდაგის“ დირექტორთა საბჭოს შემადგენლობიდან, სამი 2022 წლის ბოლოს დაინიშნა ახალ პოზიციაზე – თამარ ჭკადუა, კორპორაციული დაზღვევის დირექტორი გახდა, ნინო წეროძე საცალო გაყიდვების დირექტორი და ნინი ჯიბლაძე – ფინანსური დირექტორი. ეს შემადგენლობა „ალდაგში“ დაგროვილი გამოცდილების გაგრძელებას განახლებული ძალებით შეუდგება. სამივე მათგანი თვლის, რომ ქალების მმართველ პოზიციებზე დაწინაურება, გენდერულ პოლიტიკაზე მეტად, კომპანიაში არსებული კორპორაციული კულტურის, ანუ ჯანსაღი, თანასწორი მიდგომის დამსახურებაა.
რა ხედვით შეუდგებიან ახალი როლების შესრულებას კომპანიაში, რომელშიც წლების გამოცდილება აქვთ, როგორ აფასებენ ქართულ სადაზღვევო ბაზარს და რას ფიქრობენ „ალდაგის“ დირექტორთა საბჭოში ქალების უმრავლესობაში ყოფნის ფაქტზე, ამ თემებზე სამივე მათგანს ვესაუბრეთ.
ნინო წეროძე
„ალდაგის“ საცალო გაყიდვების დირექტორი
ნინო წეროძე იმ ერთგული ადამიანების კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც სტაბილურობას, განვითარების პერსპექტივას და სამუშაოს დინამიკურობას აფასებენ ‒ თავად სწორედ ასე ხსნის იმ ფაქტს, რომ „ალდაგში“ თვრამეტი წელი გაატარა. კარიერული განვითარება გაყიდვების ოფიცრის პოზიციიდან დაიწყო, შემდეგ საბანკო დაზღვევის მიმართულებას ხელმძღვანელობდა, მოგვიანებით საცალო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, ხოლო დღეს, იგივე მიმართულების დირექტორია.
„ერთადერთი არ ვარ, ვისაც „ალდაგში“ ათეული წლის გამოცდილება დაუგროვდა. ასეთი პრეცედენტები, საბედნიეროდ, ბევრი გვაქვს. ერთი მხრივ, კომპანიაში არსებული ჯანსაღი გარემო და მეორე მხრივ, თავად სადაზღვევო ბიზნესის სპეციფიკაა მიზეზი, რაც თანამშრომელთა შენარჩუნების ასეთ მაღალ მაჩვენებელს განსაზღვრავს. „ალდაგში“ მუდმივად იყო და არის დინამიკური გარემო, სადაც გადაწყვეტილებების მიღება ხდება არა ცენტრალიზებულად, არამედ პარიტეტულად, მაქსიმალურად არის გათვალისწინებული თანამშრომელთა ინტერესები და მისწრაფებები, შესაბამისად განვითარების პერსპექტივაც დიდია“, – მიყვება ნინო.
როგორც თვითონ ამბობს, თვრამეტი წლის განმავლობაში მუდმივად ჰქონდა კომპანიის მხარდაჭერა, რომ გახსნილი ყოფილიყო სიახლეებისა და ცვლილებებისადმი, შესაბამისად, არაერთ ინოვაციურ პროექტზე მუშაობაც მოასწრო. თუმცა, მიუხედავად ამისა, ახალ თანამდებობას განსხვავებული შემართებით ხვდება. ნინო წეროძის მთავარი მიზანი ადამიანებისთვის დაზღვევის მნიშვნელობაში გაცნობიერება და, ზოგადად, დაზღვევის, როგორც ფინანსური უსაფრთხოების ინსტრუმენტის პოპულარიზაციაა. „დაზღვევა, როგორც ევროპულ ქვეყნებში, საქართველოშიც უნდა გახდეს must-have პროდუქტი და ამ პროცესში ვხედავ, ჩემი და ჩემი კომპანიის როლს“, – ამბობს ნინო.
თამარ ჭკადუა
„ალდაგის“ კორპორაციული დაზღვევის დირექტორი
თამარ ჭკადუამ ალდაგში მუშაობა გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე 17 წლის წინ დაიწყო. „იმ დროს, ბუნებრივია, გაყიდვების სფერო პრაქტიკულად არ არსებობდა და გამოცდილების დაგროვება, განვითარება სწორედ მაშინ იწყებოდა. „ალდაგის“ წინადადება პროფესიულ გამოწვევად მივიღე და ამ სფეროში ჩავერთე“, ‒ იხსენებს თამარი. თვლის, რომ ამ გადაწყვეტილებით „ალდაგის“ და სადაზღვევო სფეროს განვითარების მონაწილე გახდა, რადგან საქართველოში დაზღვევის კულტურის შექმნა, დაზღვევის მენეჯერის როლის გაძლიერება და კორპორაციული ურთიერთობების ჩამოყალიბება სწორედ ამ კომპანიის სახელს უკავშირდება. „ყველა გარდამტეხ ეტაპზე და განვითარების სრული ციკლის დროს, „ალდაგი“ ქვეყნის განვითარებას მიჰყვებოდა. არაერთი ტრანსფორმაცია თუ შერწყმა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში განხორციელდა, მთელი „ალდაგის“ გუნდისთვის იყო გამოცდილების მიღების და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა“, – ამბობს თამარი.
„კორპორაციულ მიმართულებაში ყველაზე მნიშვნელოვანი, მაინც ის ორმხრივი ურთიერთობებია, რომლებიც ჩვენს მომხმარებლებთან გვაქვს. ისე კი, მომხმარებლის ნაცვლად, ვიტყოდი სიტყვა პარტნიორს, რადგან ჩვენი ურთიერთობა კორპორატიულ მომხმარებელთან სწორედ პარტნიორულ ფორმატში ხდება. გვყავს მომხმარებლები, რომლებთანაც ათეულობით წლებია ვთანამშრომლობთ და ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი სახით მათ სტაბილური და სანდო პარტნიორი ჰყავთ“, – ამბობს თამარი.
ბაზრის 30%-იანი წილი კორპორაციულ ბაზარზე და ამავე სეგმენტში ბოლო 5 წლის მანძილზე ანაზღაურების სახით გაცემული 125 მილიონი ლარი ‒ ეს „ალდაგის“ მიღწევებია. თუმცა, „ალდაგი“ გაჩერებას არ აპირებს. თამარის გეგმებია განსაკუთრებული ყურადღება მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის მიმართ და კორპორაციული დაზღვევის სეგმენტში არაერთი ინოვაცია.
„ყველა რესურსი იმისათვის გვაქვს, რომ მუდმივად ვიფიქროთ ახალი პროდუქტებისა და დაფარვების შექმნაზე, რათა ჩვენი მომხმარებლის რისკები მაქსიმალურად, 360 გრადუსით დავაზღვიოთ. ამ ხედვითა და მიდგომით, წლებია „ალდაგი“ ლიდერია კორპორაციული დაზღვევის ბაზარზე. ჩვენს სიძლიერეს და სტაბილურობას, გარდა უშუალოდ ჩვენი პარტნიორებისა, „ალდაგის“ საერთაშორისო გადამზღვევი პარტნიორებიც განაპირობებენ, რაც ერთობლიობაში ქმნის სანდოობისა და მდგრადობის გარანტიას და ჩვენივე მომხმარებლების წარმატებაზე აისახება“, – ამბობს თამარი.
ნინი ჯიბლაძე
„ალდაგის“ ფინანსური დირექტორი
„ალდაგში“ ისეთი თანამშრომლებიც არიან, რომელთაც კომპანიასთან განსაკუთრებული ბმა მანამ გაუჩნდათ, სანამ მას თანამშრომლის რანგში შეუერთდებოდნენ. ნინი ჯიბლაძეს „ალდაგთან“ პირველი შეხება სტუდენტობისას მოუწია, როცა ერთ-ერთ უმსხვილეს აუდიტორულ კომპანიაში დასაქმდა და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად „ალდაგის“ ფინანსური აუდიტის პროექტში ჩაერთო. 2014 წელს ნინიმ უშუალოდ „ალდაგის“ გუნდში გადაინაცვლა, სადაც ჯერ რეპორტინგის განყოფილების ხელმძღვანელობა შესთავაზეს, ხოლო შემდეგ ფინანსური დეპარტამენტის მართვა. ბოლო წლებში ნინი ფინანსური დირექტორის მოადგილე იყო, დღეს კი ფინანსური დირექტორია. როგორც თვითონ ამბობს, ამ ცხრა წლის განმავლობაში, კომპანიასთან და გუნდთან ერთად გაიზარდა.
ნინის თქმით, სადაზღვევო ბიზნესის ფინანსური მართვა მისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო, რადგან სტანდარტული ფინანსური მოდელები, რომლებსაც უნივერსიტეტში ასწავლიდნენ, ამ სფეროში, უბრალოდ არ მოქმედებდა. „სადაზღვევო სფერო საქართველოში ჯერაც არ არის ისე განვითარებული, როგორც სხვა ქვეყნებში, რაც, ერთი მხრივ, კარგიცაა, რადგან დაბალი ათვისება განვითარების დიდ შესაძლებლობას ნიშნავს. იმედს ვიტოვებთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთაც მომავალში ველოდებით, ჩვენს სექტორს დაეხმარება, ხოლო ადამიანებს ბიძგს მისცემს, დაზღვევასთან უფრო მეტი შეხება ჰქონდეთ, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში დაზღვევის კულტურას დაამკვიდრებს“, – ამბობს ნინი.
„ალდაგის“ ფინანსური დირექტორის პოზიციაზე ნინის არაერთი გეგმა აქვს. „ბოლო დროს, „ალდაგი“ მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამიტომ კიდევ უფრო სწრაფად გავაგრძელებთ ტექნოლოგიების ინტეგრირებას ფინანსურ სერვისებში, ჩემი მიზანია შევინარჩუნოთ ჯანსაღი და დივერსიფიცირებული პორტფელი, რითაც „ალდაგი“ ერთ-ერთი გამორჩეულია სადაზღვევო ბაზარზე ფინანსური მდგრადობის კუთხით. ჩემი მეორე გამოწვევა, ჩემი გუნდის განვითარება და მათი მოლოდინების მაქსიმალური დაკმაყოფილებაა“, – ამბობს ნინი.
ნინის აზრით, „კომპანიის მაღალ მენეჯმენტში ამდენი ქალის გამოჩენით, „ალდაგი“ ძალიან კარგ მაგალითს აძლევს, როგორც სხვა კომპანიებს, ასევე საკუთარ თანამშრომლებს. ადამიანები ხედავენ, რომ კომპანიაში თანასწორობაა და მნიშვნელოვანია არა გენდერული წინაპირობები, არამედ შრომა, რომელიც აუცილებლად დაგიფასდება“, – ამბობს ნინი.