ნებაყოფლობითი დაზღვევა და სავალდებულო დაზღვევა - განსხვავებები

ნებაყოფლობითი და სავალდებულო დაზღვევა

5 წუთი
ბლოგი

ცხოვრებაში ხშირად ვაწყდებით ისეთ გამოწვევებსა და რისკებს, რომელთა წინასწარ განჭვრეტა და მართვა თითქმის შეუძლებელია. მოულოდნელი ჯანმრთელობის პრობლემები, ავტოავარია, თუ ბუნებრივი კატაკლიზმებით გამოწვეული ფინანსური ზარალი. სწორედ ასეთ სტრესულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში იკვეთება დაზღვევის მნიშვნელობა - ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც რისკების მართვასა და მოულოდნელი ხარჯების შემცირებაში გვეხმარება.

დაზღვევის სამყარო მრავალფეროვანია და იყოფა ორ დიდ ძირეულად განსხვავებულ კონცეფციაზე - სავალდებულო და ნებაყოფლობითი დაზღვევა. ზოგიერთ შემთხვევაში დაზღვევა კანონისმიერი ვალდებულებაა, ზოგჯერ კი - პირადი არჩევანისა და პასუხისმგებლობის საკითხი. რა განასხვავებს ამ ორ მიმართულებას ერთმანეთისგან? რა გავლენას ახდენენ ისინი ჩვენს ფინანსურ კეთილდღეობასა და საზოგადოების სოციალურ დაცულობაზე? ამ საკითხებზე საპასუხოდ უფრო დეტალურად განვიხილავთ თითოეულ- მათგანს. 

სავალდებულო დაზღვევა

სავალდებულო დაზღვევა სახელმწიფოს მიერ დადგენილი ვალდებულებაა.  ეს არის დაზღვევის ფორმა, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული კონკრეტული რისკებისგან თავის დასაცავად და სავალდებულოა გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისა და ბიზნეს სუბიექტებისთვის. სავალდებულო დაზღვევის მიზანია მოულოდნელი საფრთხეებისაგან მოქალაქეების დაცვა და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებაა.

სფეროები, რომლებშიც სავალდებულო დაზღვევა გამოიყენება

სავალდებულო დაზღვევა ისეთ სფეროებში გვხვდება, სადაც პოტენციური ზიანის მიყენების მაღალი რისკი არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მაგალითი სავალდებულო ავტოდაზღვევაა, რომელიც მანქანის მფლობელებს ავალდებულებს, დააზღვიონ საკუთარი პასუხისმგებლობა მესამე პირთა წინაშე. სავალდებულო დაზღვევა გვხვდება, შედარებით ხშირად გვხვდება ისეთ სფეროებში სადაც მაღალია ზიანი პროფესიული პასუხისმგებლობის დარღვევის შემთხვევაში (მაგ. ექიმებისთვის, იურისტებისთვის), დამსაქმებლის პასუხისმგებლობის დაზღვევა და სხვა. 

სავალდებულო დაზღვევა საქართველოში

საქართველოში სავალდებულო დაზღვევის რამდენიმე სახე არსებობს. 2018 წლიდან სავალდებულოა საქართველოში მოძრავი უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილის დაზღვევა. ეს ნიშნავს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზარალებული მხარისთვის ზარალის ანაზღაურებას სადაზღვევო კომპანია უზრუნველყოფს. ამასთანავე, 2019 წლიდან სავალდებულოა იმ დასაქმებულთა დაზღვევა, რომლებიც ასრულებენ მომეტებული საფრთხის შემცველ სამუშაოს, და დამსაქმებელი ვალდებულია შეიძინოს შესაბამისი სადაზღვევო პაკეტი.

გარდა ამისა, სახელმწიფო ახორციელებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობის დიდი ნაწილი უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურების სავალდებულო დაზღვევით. 

ნებაყოფლობითი დაზღვევა

ნებაყოფლობითი დაზღვევა ისეთი დაზღვევის ტიპია, რომელსაც ფიზიკური ან იურიდიული პირი საკუთარი სურვილით და ინიციატივით იძენს. ნებაყოფლობითი დაზღვევის პირობები და მოქმედების პერიოდი განისაზღვრება დაზღვეულსა და მზღვეველს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. ამ ტიპის დაზღვევა ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც დაზღვეულის სხვადასხვა რისკისა და მოულოდნელი ხარჯებისგან იცავს 

სფეროები, რომლებშიც ნებაყოფლობითი დაზღვევა გამოიყენება

ნებაყოფლობითი დაზღვევის მოქმედების არეალი საკმაოდ ფართოა. მაგალითად, ავტო დაზღვევა უზრუნველყოფს დაზიანებული მანქანის ხარჯების ანაზღაურებას, ქონების დაზღვევა კი უძრავ და მოძრავ ქონებას სხვადასხვა გაუთვალისწინებელი რისკებისაგან - ხანძარი, წყალდიდობა, ქურდობა და ა.შ. - აზღვევს. არსებობს სიცოცხლის დაზღვევაც, რომელიც დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში მისი მემკვიდრეებისთვის კომპენსაციის გადახდას გულისხმობს. და ბოლოს, კომპანიების უმეტესობა სთავაზობს მომხმარებელს მოგზაურობის დაზღვევას. ეს უკანასკნელი ფარავს ისეთ სამოგზაურო რისკებს, როგორებიცაა, ავადმყოფობა, ბარგის დაკარგვა, რეისის გაუქმება და სხვა.

ნებაყოფლობითი დაზღვევა საქართველოში

განსხვავებით სავალდებულო დაზღვევისაგან, ნებაყოფლობითი საქართველოში კარგად დამკვიდრებული პრაქტიკაა. მოქალაქეებს შეუძლიათ ინდივიდუალურად ან დამსაქმებლის მეშვეობით შეიძინონ ჯანმრთელობის, სიცოცხლის, უბედური შემთხვევების, ქონების, ავტომობილის და სხვა სახის დაზღვევა. ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა მოთხოვნა ნებაყოფლობით ჯანმრთელობის დაზღვევაზე, რაც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებამ და სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების შეზღუდულმა სერვისებმა განაპირობა. ასევე, პოპულარულია მოგზაურობის დაზღვევა, რომელზეც მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა პანდემიის პირობებში, როდესაც ქვეყნებს შორის გადაადგილება დამატებით რისკებთან იყო დაკავშირებული. 

საერთო სარგებელი, რომელიც სავალდებულო თუ ნებაყოფლობით დაზღვევას მოაქვს

მიუხედავად იმისა, დაზღვევა სავალდებულოა თუ ნებაყოფლობითი, ის მაინც ერთ მიზანს - ადამიანის დაცვას ემსახურება. სავალდებულო დაზღვევები, როგორიცაა ჯანმრთელობისა და ავტომობილის დაზღვევა, უზრუნველყოფს საზოგადოების ფართო ფენებისთვის საერთო დაცულობის დონის ამაღლებას და ხელს უწყობს სოციალური სტაბილურობის შენარჩუნებას. ნებაყოფლობითი დაზღვევები ამცირებს ინდივიდების პირად რისკებს და საშუალებას აძლევს ინდივიდებს, შეარჩიონ საკუთარ საჭიროებებსა და ფინანსურ შესაძლებლობებზე მორგებული დაზღვევის პაკეტები. ორივე შემთხვევაში, დაზღვევა წარმოადგენს რისკების მართვის ეფექტურ საშუალებას, რომელიც ადამიანებს მოულოდნელი ფინანსური დანაკარგებისგან იცავს და მშვიდი მომავლის პერსპექტივას სთავაზობს.


ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით, თუმცა დაზღვევის სახით ხელთ გვაქვს მოხერხებულიიარაღი მათგან თავის დასაცავად. სავალდებულო და ნებაყოფლობითი დაზღვევები ერთობლივად ქმნიან სტაბილურობისა და უსაფრთხოების მყარ საფუძველს, რომელზეც დგას როგორც თითოეული ჩვენგანის, ისე მთელი საზოგადოების სიმშვიდე და კეთილდღეობა.

სიახლეები

გაეცანით საინტერესო სიახლეებს