ჩვენთვის
ალდაგელების ფონდმა „ჩვენთვის“ არსებობა არც ისე დიდი ხანია რაც დაიწყო, თუმცა უკვე მოახერხა, რომ თანამშრომლებისგან განსაკუთრებული მხარდაჭერა მოეპოვებინა. ფონდი 2023 წლის პირველ კვარტალში შეიქმნა, ჩვენი კომპანიის კორპორატიული ღირებულებების ელჩების ინიციატივით. მისი შექმნის იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ თანამშრომლებს სურვილისამებრ ჩაერიცხათ სასურველი ოდენობის თანხა ფონდში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ისევ თანამშრომლებს მისცემოდათ ამ თანხის გამოყენების შესაძლებლობა. ამ ინიციატივას ჩვენი კომპანიაც შეუერთდა და ყოველთვიურად თანამშრომელთა მხრიდან ფონდში ჩარიცხული თანხის იდენტურ ოდენობას ალდაგიც ამატებს.
ამ დრომდე ფონდმა უკვე 7 განაცხადი დააკმაყოფილა და 18 707 ლარი გასცა ბენეფიციარების დასახმარებლად. შემთხვევები, რომლის დროსაც შეგვიძლია მივმართოთ ფონდს მოიცავს: თანამშრომლის ან თანამშრომლის ოჯახის წევრის ავადმყოფობას, ასევე თანამშრომლის უბედური შემთხვევის გამო დაზარალებას, თანამშრომლის გარდაცვალების შემთხვევაში, თანამშრომლის ოჯახის დახმარებას. იქიდან გამომდინარე, რომ ფონდი ალდაგელების მიერ და ალდაგელებისთვის არის შექმნილი, მას მართავს თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული კომიტეტი. კომიტეტის წევრები თითოეული დეპარტამენტიდან არიან წარმოდგენილი და პასუხისმგებლები არიან განაცხადების მიღებაზე, განხილვაზე და ფონდის ბიუჯეტის მართვაზე.
მიმდინარე კვარტალში ალდაგელების ფონდისთვის შეიქმნა ვებ-გვერდი Chventvis.aldagi.ge , რომელიც საშუალებას აძლევს ჩვენი გუნდის წევრებს, ონლაინ შეავსონ განაცხადი და გახდნენ ფონდის დონორები. ამასთან, გვერდი იძლევა საშუალებას, რომ თანამშრომლებმა ონლაინვე მოითხოვონ დაფინანსება ფონდისგან მარტივი განაცხადის შევსებით. ლენდინგ ფეიჯი ასევე მოიცავს ინფორმაციას კომიტეტის წევრების ვინაობის, ფონდის მიერ დაფარული შემთხვევების შესახებ და რაოდენობრივ მონაცემებს ფონდის მიმდინარე ბიუჯეტის, დაფინანსებული ქეისების და თანხების შესახებ.