ალდაგი - ავტომანქანისა და ქონების დაზღვევა - ALDAGI - მოულოდნელობების ლოგიკა
მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა

ტექსტი: ზაზა დობორჯგინიძე

1960-იან წლებში ბირთვული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ საზოგადოებაში მოულოდნელი პანიკა გამოიწვია. მეცნიერები ირწმუნებოდნენ, რომ ეს ტექნოლოგიები სინამდვილეში უსაფრთხო იყო, მაგრამ ადამიანებს რადიოაქტიური კატასტროფის მაინც ეშინოდათ. მეცნიერულ მტკიცებულებებსა და საზოგადოებრივ აღქმას შორის წინააღმდეგობამ ბიძგი მისცა სოციალურ მეცნიერებს, რომ  უფრო ღრმად შეესწავლათ რისკის საზოგადოებრივი აღქმა და დაესვათ ფუნდამენტური კითხვა: როგორ ფიქრობენ ადამიანები რისკის შესახებ? 

მკვლევრებმა მალევე შენიშნეს, რომ რისკების შეფასებისას ადამიანები ხშირად არ არიან რაციონალურები და მარტივად ექცევიან “ხელმისაწვდომობის ეფექტის” გავლენის ქვეშ. ისინი მსჯელობენ მოვლენის ალბათობის შესახებ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც იმ მომენტშია ხელმისაწვდომი ან უფრო მარტივად გაიხსენეს.

პირველი მკვლევარი, ვინც ეს მოვლენა აღწერა, ეკონომისტი ჰოვარდ კუნრუთერი იყო. მან თავისი კარიერა რისკის და დაზღვევის შესწავლას მიუძღვნა. კუნრუთერი დააკვირდა, რომ ბუნებრივი კატაკლიზმების შემდეგ ადამიანები უფრო მეტად მიმართავენ თავდაცვით ღონისძიებებს. ყოველი  სერიოზული მიწისძვრის შემდეგ, გარკვეული დროის განმავლობაში, კალიფორნიელები უფრო მეტად ამცირებდნენ რისკებს - იატაკზე ამაგრებდნენ გამათბობლებს, რომ შეემცირებინათ მისი დაზიანების რისკი, ლუქავდნენ კარებს წყალდიდობის საწინააღმდეგოდ, იმარაგებდნენ სურსათს. მაგრამ, როგორც წესი, კატასტროფის მოგონებები დროსთან ერთად მკრთალდება ხოლმე და მასთან ერთად ქრება მოწადინება, დავიცვათ საკუთარი თავი მოულოდნელობისგან. 

კუნრეთერის შემდეგ, ყველაზე სერიოზული კვლევები რისკების საზოგადოებრივ აღქმაზე იუჯინში, ორეგონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა, პოლ სლოვიკმა ჩაატარა.  ერთ-ერთ კვლევაში ცდის პირებს სთხოვეს, ეფიქრათ ორ რისკს შორის თანაფარდობაზე: მაგალითად, რომელი უფრო მაღალი რისკის მოვლენაა - დიაბეტი თუ უბედური შემთხვევა. შემდეგ კი მათი შეფასებები შეადარეს ჯანმრთელობის მაშინდელ სტატისტიკას. გაირკვა, რომ უბედური შემთხვევები ადამიანებს 300-ჯერ უფრო მაღალ ალბათობად მიაჩნდათ, ვიდრე დიაბეტის შემთხვევები, მაშინ როცა ფაქტობრივი თანაფარდობა ამ ორ მოვლენას შორის 1:4 -ზეა. 

ამ კვლევის დასკვნა ერთმნიშვნელოვანია. საფრთხის შეფასებას დიდწილად განსაზღვრავს მედია, რომელიც მიდრეკილია გააშუქოს იშვიათი და მწვავე მოვლენები. მაგალითად, თვითმფრინავის დაღუპვა ან სხვა იშვიათი მოვლენა, იზიდავს უფრო მეტ ყურადღებას და შედეგად საზოგადოების მიერ აღიქმება როგორც უფრო ხშირი, ვიდრე სინამდვილეშია. სამყარო ჩვენს გონებაში რეალობის ზუსტი ასლი კი არა, ჩვენი წარმოდგენებია ამა თუ იმ ალბათობაზე, რომელიც განპირობებულია კონკრეტული ინფორმაციის სიჭარბით ან მისი ემოციური გავლენით ჩვენზე. 

მომწონს ე.ი. დაბალრისკიანია

სლოვიკმა კოლეგებთან ერთად ასევე აჩვენა, რომ კონკრეტული რისკები გონებაში მოგვდის უფრო მარტივად, რადგან მას თან ახლავს ჩვენი სპეციფიკური ემოციური რეაქცია. სლოვიკმა განავითარა  ე.წ. “აფექტის ევრისტიკის” ცნება, რაც გულისხმობს, რომ ადამიანები რისკების შეფასებისას დასკვნებს საკუთარი ემოციებიდან გამომდინარე აკეთებენ: ანუ რისკების შეფასება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოგვწონს ან არ მოგვწონს ესა თუ ის აზრი, რამდენად ძლიერია ჩვენი გრძნობა და ა.შ. 

ამის დასამტკიცებლად სლოვიკის კვლევითმა გუნდმა გამოკითხა ადამიანები სხვადასხვა ტექნოლოგიების შესახებ. მათ შორის იყო წყლის ფტორირება, ქიმიური ქარხნები, საკვების კონსერვანტები და ავტომობილები და სთხოვა რესპოდენტებს, ჩამოეთვალათ თითოეული ტექნოლოგიის რისკები და უპირატესობები. გამოკითხვამ აჩვენა, რომ როდესაც ადამიანებს მოსწონდათ ესა თუ ის ტექნოლოგია, ისინი აფასებდნენ მას, როგორც მაღალი სარგებლის და მცირე რისკის მომტანს. მაშინ როცა  მათ ტექნოლოგია არ მოსწონდათ, მხოლოდ მის უარყოფით მხარეებზე ფიქრი შეეძლოთ. 

მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგები ამტკიცებენ, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული მარცვლეული არ უქმნის საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობას, საზოგადოების ბევრ ჯგუფს ეშინია, რომ ისინი გამოიწვევენ კიბოს ან სხვადასხვა დეფექტებს. ასეთი მარცვლეული იზრდება არახელსაყრელ პირობებში, უძლებს ინფექციებს და მწერებს, აქვს პოტენციალი დრამატულად გააუმჯობესოს ქვეყნების მდგომარეობა, რომლებიც შიმშილი და საკვების უკმარისობაა გავრცელებლი, თუმცა ფენომენის უჩვეულობის გამო, ის საზოგადოებაში შიშის და სკეპტიციზმის საფუძველს ქმნის. 

რისკის აღქმის ადრეული თეორიები ამტკიცებდა, რომ ადამიანები რისკს რაციონალურად აფასებენ, აწონ-დაწონიან ინფორმაციას, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამისგან განსხვავებით,  კუნრუთერის, სლოვიკის და სხვა ქცევითი ეკონომისტების და ფსიქოლოგების ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ არსებობს მიკერძოებები და ემოციები, რომლებიც ამახინჯებს რისკების რეალურ შეფასებას. ადამიანების უმრავლესობა აკეთებს დასკვნებს გარემოში არსებული რისკების შესახებ არა რაოდენობრივი მსჯელობის შედეგად (რამდენი დაშავდა ამ მიზეზით?), არამედ ინფორმაციის, რომელიც იმ მომენტშია ხელმისაწვდომი, ემოციურად მძაფრია ან უჩვეულობის გამო მედიის უფრო მეტი ყურადღება ეთმობა. შესაბამისად გამოდის, რომ ბევრი რისკის შეფასება გაზვიადებულია ან მისი მნიშვნელობაა დაკნინებული. 

დაზღვევის სფეროში დაგროვილი გამოცდილება გვეხმარება რაციონალურად შევაფასოთ რისკები, მათი რეალურობა და რელევანტურობა და ასეთი მიდგომით გავაუმჯობესოთ ჩვენი ინდივიდუალური კეთილდღეობა. /