ალდაგი - ავტომანქანისა და ქონების დაზღვევა - ALDAGI - 10 ნაბიჯი სასურველი ავტომობილის შესარჩევად
მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა

თუ ჯერ არ გყოლია საკუთარი ავტომობილი და არც ყიდვა-გაყიდვის მრავალწლიანი გამოცდილება გაქვს, შესაძლოა გაგიჭირდეს სწორი გადაწყვეტილების მიღება. იმისათვის, რომ შესყიდვისა და არჩევის პროცესმა თავბრუ არ დაგახვიოს, საჭიროა მცირე მოკვლევის ჩატარება და რამდენიმე ნაბიჯის დაგეგმვა. 

1) ჩამოწერე შენი საჭიროებები

შენთვის შესაფერისი მანქანა არის ის, რომელიც შენს მოთხოვნილებებს პასუხობს. ზოგისთვის მანქანა სტატუსის განმსაზღვრელია, ზოგისთვის მართვით სიამოვნების მიღების წყარო, ზოგისთვის კი უბრალოდ გადაადგილების საშუალება. ზოგიც უბრალოდ უკანა სავარძელზე ჯდომას და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მგზავრობას ამჯობინებს.

თუმცა, ყველას აქვს გარკვეული საჭიროებები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტომობილი ყოველდღიური გადაადგილებისას. აი რამდენიმე საკითხი, რაც უნდა გაითვალისწინო მანქანის შერჩევისას:

  • რამდენ მგზავრზე უნდა იყოს გათვლილი?

  • რა ტიპის გზაზე მოგიწევს გადაადგილება? ავტობანი, ქალაქის ვიწრო ქუჩები, გრუნტი?

  • რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის ძრავის ეკონომიურობა? 

  • რომელი ტიპის ძრავს ანიჭებ უპირატესობას? შენ შეგიძლია აირჩიო: ბენზინზე ან დიზელზე მომუშავე ავტომობილი, ჰიბრიდი ან ელექტრომობილი.

  • უნდა ჰქონდეს თუ არა თუ არა 4X4-ზე მოჭიდების ფუნქცია?

  • რა დამატებითი მახასიათებლები და ფუნქციები უნდა ჰქონდეს? ბორდკომპიუტერი, უკანა სვლის კამერა, ტყავის სალონი და ა.შ,

  • დაეტევა თუ არა შერჩეული მოდელი შენს ავტოფარეხში ან საპარკინგე სივრცეში?

2) განსაზღვრე შენი ბიუჯეტი

სანამ სასურველ ავტომობილს შეარჩევ აუცილებლად უნდა განსაზღვრო შენი ბიუჯეტი. რა თანხის გადახდისთვის ხარ მზად? იქნებ აპირებ რომ გარკვეული ნაწილი ისესხო? ან იქნებ ლიზინგით სარგებლობა გსურს? ეს ის კითხვებია, რომლებიც მანქანის ყიდვის გადაწყვეტილებასთან ერთად ჩნდება და შენს ფინანსებს უკავშირდება. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა დაგეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ რა ხარჯებზე მოგიწევს წასვლა ავტომობილის საყიდლად.

3) აირჩიე ყიდვასა და ლიზინგს შორის

ლიზინგსაც და ყიდვასაც გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. მათი აწონ-დაწონა და შენს ამჟამინდელ ფინანსურ მდგომარეობასთან მორგება დაგეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

მაგალითად: ლიზინიგი კარგი გამოსავალია თუ ავტომობილის საყიდლად ერთიანი თანხა არ გქვს. შენ შეძლებ ისარგებლო მანქანით და ყოველთვიური შენატანით დაფარო სესხის თანხა. მეორეს მხრივ კი, თუ ყიდვისთვის ერთიანი თანხა გაქვს, შეგიძლია პირდაპირ შეიძინო ავტომობილი და ყოველთვიურ გადასახადებს აარიდო თავი. თუმცა ხშირად რთულია მოთმენა, იმ დრომდე სანამ საკმარისი რაოდენობის ფულს შეაგროვებ.

4) შეარჩიო ერთი და იგივე კატეგორიის რამდენიმე ავტომობილი

უკვე არჩეული გაქვს ავტომობილის მოდელი, რომლის ფასებსაც დიდი ხანია აკვირდები? ბევრ ადამიანს გყავს ფავორიტი ავტომობილი, თუმცა როცა საქმე ყიდვამდე მიდის, უმჯობესია შენთვის სასურველი კატეგორიისა და ფასის მქონე ვარიანტების მოძიება. ეს დაგეხმარება უკეთ შეადარო ავტომობილების მახასიათებლები და მიიღო რაციონალური გადაწყვეტილება

5) შეაფასე მოვლისა და შენახვის ხარჯები

ზოგიერთი ავტომობილის ფასი შესაძლოა საკმაოდ დაბალი და მიმზიდველი იყოს, თუმცა მისი შენახვისა და მომსახურების ხარჯებმა შესაძლოა ფინანსურ პრობლემებამდე მიგიყვანოს. ავტომობილის ყოლისას გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა გაითვალისწინო დაზღვევის, საწვავის მოხმარების, ცვეთისა და სხვა დამატებითი ხარჯები. ამიტომ ვარიანტების არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციო ამ ფაქტორებსაც.

6) მოიძიე გასაყიდად გამოტანილი სასურველი ავტომობილი

მაშინ როცა უკვე იცი რომელი მოდელისა და მახასიათებლების მქონე ავტომობილს ანიჭებ უპირატესობას, შეგიძლია დაიწყო გასაყიდად გამოტანილის მოძიება და შერჩევა. ამისათვის ერთ-ერთი მარტივი ხერხია ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის გვერდები, რომლებიც მრავლადაა ინტერნეტში. ასევე ნაცადი ხერხია ავტობაზრობაზე მისვლა იქ ძებნა. დამატებით, ასევე შეგიძლია ისარგებლო Carfest-ის მომსახურებით და საზღვარგარეთ მყოფი ავტომობილი შეუკვეთო.

7) დანიშნე ტესტდრაივი

ეცადე დანიშნო ტესტდრაივი რამდენიმე ვარიანტისთვის, რათა შემდეგ მოახერხო მათი უკეთ შედარება და საუკეთესოს ამორჩევა. ეცადე ერთმანეთის მიყოლებით, დროის მოკლე შუალედში, მოაწყო ტესტდრაივი თითოეული ავტომობილისთვის. ავტომობილის მფლობელს დეტალებზე მოელაპარაკე წინასწარ, რათა გაუგებრობები აიცილო თავიდან და სთხოვე დროის  გარკვეული დროის მოცემა მოსაფიქრებლად, რათა სხვამ არ დაგასწროს ყიდვა.

8) რას უნდა მიაქციო ყურადღება ტესტდრაივისას?

ერთი შეხედვით, შესაძლოა ავტომობილი ჩანდეს საკმაოდ მოვლილი და გამართული, თუმცა ნამდვილი ტესტდრაივი მძღოლის სავარძლიდან იწყება და არა ვიზუალური დათვალიერებით. ამ დროს  მანქანა უნდა მართო ისე, თითქოს ამას ყოველდღიურად აკეთებდე. საჭიროა როგორც საცობის სიტუაციაში, ასევე აღმართ-დაღმართსა თუ ავტობანზე სწრაფი მოძრაობისას მისი გამოცდა. კარგი იქნება თუ თავად გამოცდი როგორია ამ ავტომობილის უკანა სავარძლით მგზავრობა და თუ ბავშვები გყავს, ეტევა თუ არა იქ საბავშვო სავარძელი. გამყიდველი ეცდება თავს მოგახვიოს ავტომობილის დადებითი მხარეები და დამალოს ნაკლოვანებები, ამიტომ უნდა იყო ფხიზლად და დაუკვირდე დეტალებს. შეამოწმე ავტომობილის საბუთები და დარწმუნდი რომ ყველაფერი წესრიგშია.

9) გააკეთე არჩევანი

რამდენიმე ტესტდრაივის შემდეგ, უკვე დროა აწონ-დაწონო თითოეული ვარიანტის დადებითი თუ უარყოფითი მხარეები და შეაჩერო გადაწყვეტელება ერთადერთზე.  ამისათვის საჭიროა ყველა დეტალის კარგად გაანალიზება. თუმცა ეცადე ეს პროცესი ძალიან არ გაწელო და გადაწყვეტილება ოპტიმალურ დროში მიიღო, რათა შანსი არ გაუშვა ხელიდან.

10) შეუთანხმდი გამყიდველს საბოლოო დეტალებზე და შეიძინე ავტომობილი

მაშინ, როცა გადაწყვეტილება მიღებულია და დეტალებიც შეთანხმებულია, მხოლოდ ავტომობილის ყიდვა, გადაფორმება ან ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმებაღა დაგრჩა. ეცადე პროცესი არ გააჭიანურო. ბოლოსთვის კი, გაითვალისწინე, რომ ავტომობილში ჩადებული ინვესტიციების დაცვის საუკეთესო გზა ავტო დაზღვევაა.