მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა

ფოტო და ტექსტი: ნათელა გრიგალაშვილი

ერაყში, მუსლიმთა წმინდა ქალაქ ქერბალაში პილიგრიმების ყოველწლიური მსვლელობის შესახებ პირველად ჩემი ყოფილი სტუდენტისა და მეგობრისგან, ჯეიხუნ ნარზალოვისგან გავიგე. თავად ჯეიხუნი ღრმადმორწმუნე მუსლიმია და შარშან პირველად მიიღო მონაწილეობა ამ მსვლელობაში. მომლოცველთა მოგზაურობის ამბები რომ მომიყვა, გულში გავიფიქრე, აუცილებლად წავალ ერაყში პილიგრიმებთან ერთად-მეთქი.

მომდევნო მსვლელობისას მეც შევუერთდი პილიგრიმებს.  თუმცა ეს ამბავი არც ისე ადვილი იყო. რომ არაა ჯეიხუნი და მარნეულის იმამ ალის  სახელობის მეჩეთის ხელმძღვანელთა კეთილი ნება და დახმარება, რა თქმა უნდა, წასვლა გამიჭირდებოდა. ერაყში  მარნეულიდან წავედით.  მე გავემგზავრე  საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან ერთად. საერთოდ კი საქართველოდან დაახლოებით სამასამდე აზერბაიჯანელი მონაწილეობდა ამ მსვლელობაში.

აზერბაიჯანისა და ირანის გავლით ჩვენ გავემგზავრეთ ერაყის  ქალაქებში,  ნაჯაფსა და ქერბალაში, სადაც შიიტთა მთავარი სიწმინდეებია თავმოყრილი. ამ ადგილებში ყოველწლიურად მილიონობით პილიგრიმი იყრის თავს, ძირითადად ირანიდან.

ქალაქ ნაჯაფიდან, სადაც  მუსლიმთა პირველი იმამი და ჰუსეინის მამა - ალი იბნ აბუ ტალიბია დაკრძალული, მომლოცველები ფეხით მიუყვებიან ასკილომეტრიან  გზას ქარბალასკენ.  ქალაქი ქარბალა კი, სადაც ალ-ჰუსეინ იბნ ალია დაკრძალული, შიიტების ერთერთი მთავარი სალოცავი ადგილია.  შიიტები ჰუსეინს წამებულად და მესამე იმამად მიიჩნევენ. სწორედ მის ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით სრულდება  ყოველწლიურად პილიგრიმების მსვლელობა .

 საქართველოდან   აზრბაიჯანელი პილიგრიმები პირველად ხუთი წლის წინ  შეუერთდნენ ერაყში იმ გზას, რომელსაც  მთელი მსოფლიოდან  ჩამოსული შიიტი მუსლიმები გადიან. ჩვენს ჯგუფში იყვნენ ადამიანები, რომლებიც უკვე მეხუთედ მიდიოდნენ წმინდა ქალაქში მოსალოცად.

გზა იყო გრძელი,  მაგრამ არა დამღლელი და უამრავი ამაღელვებელი შთაბეჭდილებებით სავსე. მე ვიყავი ერთადერთი ქრისტიანი ჯგუფში და  მთელი გზა ვგრძნობდი, რომ ჩემი მუსლიმი ძმებისა და დებისთვის სასურველი სტუმარი ვიყავი -ზრუნავდნენ ჩემზე და ყურადღებას იჩენდნენ.  ქალაქიდან ქალაქში  დავდიოდი მათთან ერთად, ვუსმენდი მათ ლოცვებს  და ვათვალიერებდი ულამაზეს მეჩეთებს.

ქალაქ ნაჯაფიდან  ქარბალასკენ ჩვენც ფეხით მიმავალ მომლოცველებს შევუერთდით. ამ ორ ქალაქს შორის ნახევრადუდაბნოში გამავალი გზა  110 კილომეტრიანია.  იმ წელს, როგორც  ამბობენ, ქარბალაში 25 მილიონი მომლოცველი ჩავიდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მოდიოდნენ ადამიანები - სხვადასხვა რასისა თუ ეთნოსის წარმომადგენლები, სხვადასხვა კულტურის მატარებლები. ქართველ აზერბაიჯანელებს ამაყად მოჰქონდათ საქართველოს დროშა. ამ დროშის გამო ხშირად გვაჩერებდნენ - გვეკითხებოდნენ საიდან ვიყავით. ჩემი თანამგზავრები წინ დამაყენებდნენ და ამბობდნენ, აი ეს ქრისტიანია საქართველოდან, შემოგვიერთდა - გადაწყვიტა ჩვენთან ერთად გაიაროს ეს გზაო.

უდაბნოს ცხელი მზე , ქარი, სილა, ართულებდა მგზავრობას, მაგრამ გარშემო იმდენი საინტერესო რამ ხდებოდა, დაღლას ვერ ვგრძნობდი. მივდიოდი და ხშირად ჯგუფისგან ცალკე ვცდილობდი ყველაფერი მენახა, გადამეღო და დღის ბოლოს დაღამებისას შეკრების ადგილზეც დროულად მივსულიყავი. გზაზე ხალხის ნაკადი არ წყდებოდა არც დღე და არც ღამე. გზის ორივე მხარეს სხვადასხვა ზომის კერძო სახლები იდგა. ეს სახლები მხოლოდ წელიწადში ერთხელ პილიგრიმების მსვლელობისას იხსნება, რათა მომლოცველებს მიეცეთ საშუალება, იქ დაისვენონ ან ღამე გაათიონ.

გზის ორივე მხარეს იდგნენ ადამიანები, რომლებიც იქვე ამზადებდნენ კერძებს მსვლელობაში მონაწილეთათვის, არიგებდნენ წყალს, ყავას, ჩაის. იქვე იყო სამედიცინო დახმარება. იყვნენ ხელოსნებიც, რომლებიც დაზიანებულ ტექნიკას ან ფეხსაცმელსაც კი შეგიკეთებდნენ და ყველაფერი იყო უფასოდ. გადმოგიდგებოდა წინ პატარა ბიჭი წყლის ჭიქით და გეხვეწებოდა, დალიე ჩემი წყალიო. ისინი თვლიან, რომ მათთვის დიდი მადლია თუ პილიგრიმებს დაეხმარებიან ამ გზის დაძლევაში. სხვადასხვა ქალაქებში კი ოჯახები გვმასპინძლობდნენ. მათ აქვთ რწმენა, რომ პილიგრიმების შეფარება მათთვის სიკეთის მომტანია.

ნაჯაფიდან ქარბალამდე სამი დღე მივდიოდით. მესამე დღეს უკვე დაბინდებულზე შევედით ქარბალაში. მივუახლოვდით ულამაზეს ხალხით გადაჭედილ მეჩეთებს. ირგვლივ უამრავი სანახაობა დაგვხვდა -  სხვადასხვა რელიგიური შინაარსის წარმოდგენები, თუმცა  ხალხმრავლობის გამო გადაადგილება თითქმის შეუძლებელი იყო და დათვალიერება ჭირდა. მეორე დღეს მოგვეცა შესაძლებლობა, მოგვევლო  მეჩეთები.

როდესაც უკან ვბრუნდებოდი ჩავთვალე, რომ პილიგრიმებთან ერთად ჩემი პირველი  მოგზაურობა მხოლოდ გაცნობა იყო და გადავწყვიტე კიდევ დავბრუნდე ერაყში, გავიარო ნაცნობი გზა და შევისწავლო ახალი და უცნობი გზები.

მე აუცილებლად გავივლი ამ გზას ისევ.