ალდაგი - ავტომანქანისა და ქონების დაზღვევა - ALDAGI - საკულტო მანქანები კინოში
მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა

ტექსტი: ნინო ჩიმაკაძე

 

მანქანა უკვე დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ გადაადგილების და კომფორტული მგზავრობის საშუალება. ის ადამიანის ინდივიდუალიზმის ისეთივე მნიშვნელოვანი ატრიბუტია, როგორც ტანსაცმელი, აქსესუარი, პროფესია და აშ. ეს ტენდენცია 1950-60-იან წლებიდან დაიწყო, როცა მანქანა ერთგვარი თავისუფლების სიმბოლოდაც კი იქცა და ახალგაზრდებისთვის თვითგამოხატვის ერთ-ერთ მთავარ საშუალებად მოგვევლინა. ეს განსაკურებით კარგად ჩანს ამერიკულ ფილმებში, სადაც პერსონაჟები შტატიდან შტატში თავგადასავლების ძიებაში მანქანებით გადაადგილდებიან. ამერიკული კულტურა მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული მანქანასთან, ის ადამიანების ყოველდღიურობის იმდენად განუყოფელი ნაწილია, რომ ხშირად სწორედ აქ ხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და ცხოვრებისეული გარდატეხები.

ამჯერად სხვადასხვა ეპოქის სამ ასეთ ამერიკული ფილმს და იმ კლასიკური და რეტრო სტილის მანქანებს გაგახსენებთ, რომლებმაც დიდწილად გასნაზღვრეს ფილმის ვიზუალური მხარე.

 

Once Upon a Time in Hollywood

კვენტინ ტარანტინოს ბოლო ნამუშევრის ირგვლივ ჯერ კიდევ მიმდინარე აჟიოტაჟის გამო „ერთხელ ჰოლივუდში“ ამ სიაში აუცილებლად დაიკავებს მნიშვნელოვან ადგილს.

ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ რეჟისორმა 1969 წლის ლოს -ანჯელესის ატმოსფეროს შესაქმნელად გადაღებებზე 60-იანი წლების სტილის 2000-მდე მანქანა გამოიყენა. ტარანტინომ ქალაქის ოთხი უბნის რეკონსტრუქცია მოითხოვა და დეტალების გულმოდგინე შესწავლითა და ვიზუალური მანიპულაციებით საბოლოოდ 60-იანი წლების ამერიკის და ჰოლივუდის ოქროს ხანის ძალიან ავთენტური სურათი შემოგვთავაზა.
 

უამრავ მანქანას შორის ფილმში ყველაზე ხშირად 1966 წლის თეთრი Cadillac Coupe De Ville და 1964 წლის ცისფერი Volkswagen Karmann Ghia ჩანს. კადილაკი ლეონარდო დიკაპრიოს პერსონაჟს, მსახიობ რიკ დალტონს ეკუთვნის, რომელსაც ალკოჰოლთან პრობლემების გამო მართვის მოწმობა ჩამორთმეული აქვს და მანქანას ძირითადად მისი დუბლიორი და მეგობარი, კლიფი (ბრედ პიტი) ატარებს. ფოლსვაგენი კი კლიფის საკუთრებაა.

 

ორივე მანქანა ფილმის მნიშვნელოვანი სცენების თანამონაწილეა და პერსონაჟების იდენტობას უსვამს ხაზს, განსაკუთრებით ბრედ პიტის გმირის შემთხვევაში, რომელიც 60-იანი წლების მუსიკის ფონზე უდარდელად დააქროლებს მანქანას ლონ-ანჯელესის ქუჩებში.

ერთ-ერთი ყველაზე  დასამახსოვრებელი სცენა მანქანაში თინეიჯერი ჰიპი გოგოს და კლიფის დიალოგია, სადაც ჩარლზ მენსონის სექტის წევრი არასწულწლოვანი მის ცდუნებას ცდილობს და რანჩოში ცხოვრებაზე უყვება. სწორედ ეს ვინტაჟური მანქანებია ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ფილმს განსაკუთრებულ ატმოსფერულობას და ავთენტურობას სძენს.

 

Fear and Loathing in Las-Vegas

ჰანტერ ტომპსონის  ნახევრად ავტობიოგრაფიულ ნოველაზე დაფუძნებული ტერი გილიამის საკულტო ფილმი „შიში და სიძულვილი ლას ვეგასში“ მანქანის გარეშე ალბათ ძნელი წარმოსადგენია. წითელი შევროლე აქ გამხსნელ სცენაშივე გვევლინება, როგორ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი. სპორტული ჟურნალისტი დიუკი (ჯონი დეპი) ლოს-ანჯელესიდან ლას ვეგასში მიემგზავრება მოტოციკლების რბოლის გასაშუქებლად. მას თან ადვოკატი, დოქტორი გონზო (ბენისიო დელ ტორო) ახლავს. მეგობრები მაღალი სიჩქარით მიქრიან ტრასაზე. საბარგული კი სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკებით აქვთ გამოტენილი.
 

 

1973 წლის Chevrolet Caprice, მეტსახელად "The Red Shark,"( წითელი ზვიგენი ), რომელიც ფილმის პიორველ ნახევარში არაერთ საკვანძო სცენაში ჩანს, სინამდვილეში ჰანტერ ტომპსონს ეკუთვნოდა და წლების განმავლობაში მისი ერთგვარი სავიზიტო ბარათიც კი იყო. როლისთვის მზადების პროცესში მწერალმა მანქანა ჯონი დეპს ათხოვა, რომელთანაც რამდენიმეწლიანი მეგობრობა აკავშირებდა.

 

 

შემდეგ კი ის ფილმშიც გამოიყენეს. როლის გათავისებისთვის მანქანის გარდა, დეპი ტომპსონის ტანსაცმელს და სხვა აქსესუარებსაც იყენებდა და ფილმისთვის ვარცხნილობის შეცვლაც მეგობარს მიანდო.

 

წითელი შევროლეთი მოსეირნე დიუკი არაერთხელ ეხვევა შარში, მათ შორის პოლიციასთან, რის შემდეგაც მანქანას გამოცვლის და არანაკლებ მომხიბვლელ Cadillac Coup de Ville-ს აირჩევს თანამგზავრად. ფილმის ფინალური სცენაც მანქანასთან არის დაკავშირებული. ლას ვეგასის ველური თავგადასავლების შემდეგ დიუკი ქალაქს ტოვებს და თეთრი კადილაკით ლოს-ანჯელესისკენ მიემგზავრება. მანქანაზე ამერიკის დროშა აქვს გამობმული, ფონად კი Rolling Stones-ის 60-იანი წლების ჰიტი, Jumping Jack Flash ისმის.

 

American Graffiti

ჯორჯ ლუკასის 1973 წელს გადაღებული „ამერიკული გრაფიტი“ ალბათ ყველაზე კარგი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ შეიძლება მანქანა ცალკე პერსონაჟი, სოციუმის ნაწილი გახდეს და ახალგაზრდების იდენტობა განსაზღვროს. სიუჟეტი 1960-იანი წლების კალიფორნიაში,  მოდესტოში ვითარდება. ეპოქაში, როცა მანქანა ჯერ კიდევ თავისუფლების სიმბოლო იყო.ზაფხულის არდადეგების ბოლო საღამოს, ორი მეგობარი, კურტი და სტივი მშობლიურ ქალაქს და მეგობრებს ემშვიდობებიან. მეორე დღეს ისინი სხვა შტატში უნდა გაემგზავრნონ სწავლის გასაგრძელებლად. თუმცა, მზის ამოსვლამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა და ახალგაზრდები გადაწყვეტენ ბოლო თავგადასავალი მოიწყონ. სცენების ძირითადი ნაწილი მანქანებშია გადაღებული. ფილმის ყურებისას გიჩნდება შეგრძნება, რომ დეფილეზე ხარ, ოღონდ ტანსაცმლისა და მოდელების  ნაცვლად, ქუჩაში მოწყობილ პოდიუმზე სხვადასხვა ფერისა და მარკის ულამაზეს მანქანებს ათვალიერებ. 
 

 

ახალგაზრდები გაუჩერებლად დააქროლებენ მანქანებს წინ და უკან. ყველას თავისი მიზეზი აქვს: ზოგი ერთმანეთს რბოლაში ეჯიბრება,
ზოგი წვეულებაზე მიდის, ზოგს შეყვარებულთან აქვს ურთიერთობა დასალაგებელი. თუმცა, ერთი რამ ყველას აერთიანებს, მანქანა მათი თვითგამოხატვის მთავარი საშუალებაა.

 

ფილმში ჰარისონ ფორდი, რონ ჰოვარდი, რიჩარდ დრეიფუსი და კარიერის დასაწყისში მყოფი სხვა მომავალი ვარსკვლავები თამაშობენ.

„ამერიკული გრაფიტი“ მანქანების ჯადოსნური ატრაქციონია, საოცარი სანახაობა,  რომელმაც შეუძლებელია არ მოგხიბლოს, იმის მიუხედავად, გაინეტერსებთ თუ არა მანქანები. ფილმში ჰარისონ ფორდი, რონ ჰოვარდი, რიჩარდ დრეიფუსი და კარიერის დასაწყისში მყოფი სხვა არაერთი მომავალი ვარსკვლავი თამაშობს. 

„ამერიკული გრაფიტი“ ნაწილობრივ რეალურ ამბებზეა დაფუძნებული და რეჟისორის ადრეულ გამოცდილებებს ასახავს. ლუკასმაც 1962 წელს დაამთავრად სკოლა მოდესტოში და ისიც მანქანებით და რბოლით იყო გატაცებული. იმავე წელს ერთ-ერთი რბოლისას ავარიაში მოყვა, რომელსაც ძლივს გადაურჩა და ამ ამბავმა საბოლოოდ შეცვალა მისი ცხოვრების სტილი. „ პირველ შემთხვევამდე ძალიან უყურადღებო ხარ საფრთხეების მიმართ, იმიტომ რომ ვერ აანალიზებ, რამდენად ახლოს ხარ ზღვართან. როცა ამ ზღვარს გადააბიჯებ და აცნობიერებ, რა გელოდება მეორე მხარეს, მხოლოდ ეს ცვლის შენს ხედვის პერსპექტივას”-აღნიშნა რეჟისორმა მოგვიანებით.
 

ფილმში გამოყენებულია: 1932 Ford Deuce Coupe, 1958 Chevy Impala, 1956 Ford T-Bird, 1956 Ford T-Bird  1958 Ford Edsel და სხვა მოდელები.