ალდაგი - ავტომანქანისა და ქონების დაზღვევა - ALDAGI - წინასაშობაო კრაკოვი
მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა

უცხო ქვეყნის სტუმრობა ყველაზე მეტად წინა საახალწლო პერიოდში მიყვარს, ამ დროს თითქოს ყველა უფრო ბედნიერია, ჯადოსნური და ბრჭყვიალა სურნელი დგას ქალაქში. პოლონეთის პატარა, ისტორიული და ლამაზი ქალაქიც არ ყოფილა გამონაკლისი. კრაკოვი  ძალიან საინტერესო, ისტორიით მდიდარი ქალაქია, რომელიც ჩასვლისთანავე  უამრავ ისტორიასა და ლეგენდას მოგიყვებათ.

თავიდან საშობაო ბაზრობის სამშობლოდ უფრო მეტად გერმანულენოვანი ქვეყნები ითვლებოდა. ბაზრობის მიზანი იყო, რომ მოსახლეობას ზამთრის სეზონისთვის საჭირო ნივთები და პროდუქტები მოემარაგებინა. დროთა განმავლობაში ეს ტრადიციად იქცა და ბევრ ქალაქში საშობაო ბაზრობა ნამდვილი დღესასწაულია.

ციმციმა ქუჩები, ხის პატარა ლამაზი სახლები, გლიტვეინის, შემწვარი წაბლისა და ნაციონალური კერძების შერეული სურნელი, ხალხის ჟრიამული და საახალწლო მელოდიების ჰანგები დამხვდა კრაკოვის საშობაო ბაზრობაზე. ამოუწურავი ადგილია! გგონია ყველაფერი ნახე, მეორე დღეს მისულს კი სულ სხვა სიახლეები გხვდება. ყველაზე მარტივი გზაა, ერთ სივრცეში გაიგო ყველაფერი ქვეყნის შესახებ, დააგემოვნო მათი გამორჩეული და საყვარელი კერძები, გაეცნო ადგილობრივ პროდუქციას, შეიძინო საჩუქრად ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები, მოუსმინო ქალაქის ლეგენდებს, რადგან დრაკონების სიმრავლის ფონზე, აუცილებლად გაგიჩნდება კითხვა მისი ისტორიის შესახებ. და რაც ყველაზე საინტერესოა, დააკვირდე ხალხს, მათი გართობის სტილს, ასე უფრო ნათლად აფასებ და ეცნობი გარემოს.

 

ზღაპრული ელფერი დაჰკრავს კრაკოვს დეკემბერში. ბევრი ოჯახის ტრადიციაა ყოველ დასვენების დღეს მოაწყოს ერთობლივი გასეირნება საშობაო ბაზრობაზე, ერთად მიირთვან საყვარელი კერძები, მიიღონ მონაწილეობა ადგილზე გამართულ თამაშებში, უყურონ ლამაზ ინსტალაციებს, გადაიღონ ფოტოები ტრადიციულ სამოსში გამოწყობილ გმირებთან და პერსონაჟებთან.

2008 წელს Times-მა კრაკოვის საშობა ბაზრობა ყველაზე ლამაზ ბაზრობად აღიარა ევროპაში, ხოლო 2016 წელს CNN-მა იგივე სტატუსი მიანიჭა.

რა უნდა დააგემოვნოთ საშობაო ბაზრობაზე?

სმალეცი - PAJDA ZE SMALCEM

სმალეცი პოლონეთში პოპულარული პასტაა, გადამდნარი ღორის ქონი სუნელებით. ნახავთ რომ ბევრ ჯიხურში იყიდება სმალეცი, რომელსაც პურის უზარმაზარ ნაჭერს უსმევენ და ზევიდან სურვილისამებრ აწყობენ: ძეხვს, ბეკონს, შემწვარ ხახვსა და კიტრის მწნილს. აუცილებლად გირჩევთ, დააგემოვნოთ.

ოსციპეკი (OSCYPEK)

ოსციპეკი - შებოლილი ცხვრის ყველია, რომელსაც ძალიან უხდება მოცვის სოუსი, ასევე ახვევენ ბეკონში და წვავენ გრილზე. თუ მოგეწონათ მათი ყველი ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ უფრო დიდი ნაჭრები და გაუმასპინძლდეთ მეგობრებს დაბრუნებისთანავე.

 

ხორცი გრილზე

ვერც გრილზე შემწვარი ხორცის არომატს  ჩაუვლით კრაკოვის საშობაო ბაზრობაზე უყურადღებოდ. ბევრ ჯიხურში წვავენ ხორცს, კრაკოვურ ძეხვეულს და სოსისებს, რომელსაც დააგემოვნებთ გარნირით და ძალიან დანაყრებული დარჩებით.

პიეროგები (PIEROGI)

ჩვენთვის ნაცნობი პელმენი და ვარენიკი პოლონეთში იგივე პიეროგია. უამრავი შიგთავსის ნაირსახეობით: ხორცით, ყველით, კომბოსტოთი, ქათმისა და იხვის ხორცით, კარტოფილითა და ისპანახით. ყველა გემოვნების ადამიანს რომ დააკაყოფილებს, იმდენი ნაირსახეობა შეგხვდებათ საშობაო ბაზრობაზე.

გლიტვეინი (GRZANE WINO, GRZANE PIWO)

ყველაზე დიდ რიგს რომ შეამჩნევთ, თავბრუდამხვევ სურნელს და ახალი წლის არომატს შეიგრძნობთ, ეს ნიშნავს, რომ გლიტვეინის დაგემოვნება ზუსტად აქ შეგიძლიათ. პოლონეთში გლიტვეინი მხოლოდ ღვინით არ მზადდება,  ლუდზე დამზადებულიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ. ცივ საშობაო დღეებს ნამდვილად დაამშვენებს GRZANE PIWO.

ამ ყველაფერთან ერთად, საშობა ბაზრობაზე უამრავი სხვა აქსესუარი იყიდება. საახალწლო სათამაშოები, მშრალი ციტრუსებისგან აწყობილი გერლიანდები, კრაკოვური ტკბილეული, კერამიკული ულამაზესი ფიგურები, მართლაც ამოუწურავია საშობაო ბაზრობის საინტერესო სანახაობები.

თქვენი ნამყოფი ხართ კრაკოვში? თუ არა, ახლა ზუსტად ის დროს ესტუმროთ ამ ქალაქს, დატკბეთ საახალწლო და ჯადოსნური სანახაობებით.